რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ვინნიცაში სარაკეტო თავდასხმა ოფიცრების სახლზე განახორციელა და უარყოფს სამოქალაქო პირებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე მიყენებულ იერიშს.
ოკუპანტებმა 14 ივლისს ვინნიცაში მდებარე შენობებს 3 რაკეტა ესროლეს, დააზიანეს საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო ცენტრი, რის შედეგადაც 23 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა, 115 კი დაშავდა.
კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ Telegram გვერდზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის ინფორმაციას და წერს, რომ :
"თავდაცვის სამინისტროს ვკითხე, რას დაარტყეს ვინნიცაში, მათ მიპასუხეს, რომ ოფიცერთა სახლს, სადაც ნაცისტების დროებითი განსახლების პუნქტი იყო."
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება.
"ეს, სამწუხაროდ, არ არის საბოლოო რიცხვი. განუსაზღვრელი ვადით დაკარგულთა სიაში ათობით ადამიანია. ჰოსპიტალიზებულებს შორის არიან მძიმედ დაშავებულები."- ამბობს ზელენსკი.
ნაციონალური პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოს თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.